ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სხდომა 14:30 საათზეა ჩანიშნული.

ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის არის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სექტემბერში დააკავეს. მისმა ადვოკატებმა თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმართეს და სასამართლომ ბრალდებულს საპატიმრო აღკვეთი გირაოთი შეუცვალა.

გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გია თვალავაძის ადვოკატმა პირველ არხთან განმარტა, რომ შესავალი სიტყვის გარდა, დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარუდგენს, რითიც მისი თქმით, თვალავაძის უდანაშაულობა დამტკიცდება.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი. ამ ეტაპზე, ყველა მათგანის პროცესი გაერთიანებულად მიმდინარეობს.