ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ნუგზარ ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს 
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული ნუგზარ ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ნუგზარ ჯანჯღავას ქრთამის აღების ხელშეწყობა ედება ბრალად. ჯანჯღავა რეგიონალური ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. აღნიშნული აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს.