საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის განხილვისას დოქტორ დოტის საქართველოში ჩამოყვანის ფაქტზე იმსჯელეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ დღეს პროცესზე დოქტორ დოტის ვიზიტის პერიოდზე ისაუბრა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, დოტის ჩამოყვანის საკითხს საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოყვა, რომლის შემდეგად მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის აღნიშნული ხარჯები დაემალა და ამით, რამდენიმე მილიონი ლარი გაიფლანგა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს
„მათ შორის, უცხოურ და ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დოქტორ დოტის ვიზიტთან დაკავშირებით. ეს იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, შეექმნა უკანონო დანაშაულებრივი სისტემა, დაეფარა ის ხარჯები, რომელიც გამოიყენებოდა მისი პირადი კომფორტისათვის, ამ გზით უკანონოდ დანაშაულებრივი სისტემით გაიფლანგა დაახლოებით 9 მილიონი ლარი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.
ადვოკატ დავით კაკოიშვილის თქმით, მტკიცებულებები შეეხებოდა დოქტორ დოტის ვიზიტს და გაწეულ ხარჯებს.
„დოტისთვის გაწეულ ხარჯებზე არც ჯანასიას და არც სააკაშვილს ბრალდება არაფერს ედავება, შესაბამისად, რას ემსახურება ამ დოკუმენტების საქმეში ჩადება სამართლებრივად, გაუგებარია. დოკუმენტების საქმეში ჩადება სავარაუდოდ ემსახურება მხოლოდ პიარს, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს უკანონოდ ხდებოდა თანხების ხარჯვა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხმების გაფლანგვას ედავებიან.