ბექა ბასილაია - ეკა ბესელიას საპარლამენტო ტრიბუნიდან წინასწარმეტყველური წამოცდენა ჰქონდა
ბექა ბასილაია - ეკა ბესელიას საპარლამენტო ტრიბუნიდან წინასწარმეტყველური წამოცდენა ჰქონდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, 16 ივლისს ეკა ბესელიას საპარლამენტო ტრიბუნიდან წინასწარმეტყველური წამოცდენა ჰქონდა, რომ „პიჯაკების საქმეზე“ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და ბრალდებულებს მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეზე სასამართლო მთელი რიგი დარღვევებით ატარებს პროცესს და ვიცით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს პროკურატურის მხრიდან. ვინაიდან ამ საქმეს დიდი რეზონანსი აქვს, სასამართლო ხელისუფლებისგან პოლიტიკურ ხელისუფლებას წინასწარ აქვს პირობა მიღებული, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. ამაზე დიდი ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო, პროკურატურა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთმანეთში შეთანხმებულად, სინქრონულად მოქმედებს, შეუძლებელია იქნას წარმოდგენილი. ამ განცხადებაზე ვერ მოვისმინეთ სასამართლოს პასუხი, რომ ის ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ვიცით, სხვა განცხადებებზე სასამართლო მყისიერად რეაგირებს. ეს გვიმყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თეიმურაზ ჯანაშია და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან. საქმის დასრულებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება და ბესელია უკვე აანონსებს, რომ განაჩენი გამოვიდა. ჩვენ ყველა პარტნიორ სახელმწიფოს მივაწვდით ამ ინფორმაციას, ასევე სახალხო დამცველს და სასამართლოზე ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას თქმით, ოთხი წელია, სასამართლო პროცესებზე დადის.

„ვცდილობ, სასამართლოს ობიექტურობის დადგენაში დავეხმარო, მაგრამ სულ ტყუილად. თურმე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე იცის, რომ ამ საქმეზე ექნება საპატიმრო სასჯელი. ეს მოწმობს, რომ ეს არის დამპალი სისტემა ხელისუფლების, სასამართლოსი, ერთმანეთში შეთანხმებით აკეთებენ ამას და მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დევნაში“, – აღნიშნა ბასილაიამ.