ე.წ. კლუბების საქმეში ბრალდებულ ქეთი მურუსიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა პირი დამნაშავედ ცნო.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში- „ბასიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს ცხრა წლით და ექვსი თვით, ვ.ჟ.-ს რვა წლით, ჯ.ე.-ს რვა წლით, თ.ჩ.-ს შვიდი წლით, გ.მ.-ს რვა წლით და მ.მ. -ს ასევე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად რვა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა.