ძლიერი წვიმის გამო, სურამში საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სურამიდან იუწყება. სარაჯიშვილისა და ლომოურის ქუჩებზე წყალი ათამდე საცხოვრებელ სახლში შევარდა.
როგორც ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, სანიაღვრე არხებმა მთიდან მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა. მისი თქმით, წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სახანძრო ბრიგადები ჩაერთნენ.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პირველ არხს განუცხადეს, სურამში სანიაღვრე სისტემა გაუმართავია.
„წვიმის დროს ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვართ, სოფელ გვერდისუბნიდან ადიდებული წყალი ნიაღვრად მოდის. სანიაღვრე არხები გასაწმენდია და ამას თუ არ მიხედეს, ყოველი წვიმის დროს ასე ვიქნებით“, – განაცხადა თეიმურაზ გოგოლაძემ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ ოსიაურშიც, სადაც საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.