ძლიერმა ქარმა დიდ დიღომში რესტორან „რიტონს“ სახურავი გადახადა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე არის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და არსებობს მათი დაზიანების საფრთხე.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, მოსალოდნელი საფრთხის გამო, ადგილზე მუშაობს კომპანია „თელასის“ ჯგუფი.
„სამსახურში ვიყავი და 17:00 საათი იქნებოდა ქარი რომ ამოვარდა და რესტორნის სახურავის ნახევარი გადახადა. შუქიც გაგვეთიშა. ზარალი ჯერ არ ვიცით რამდენია, დავკეტეთ რესტორანი, შუქის ჩართვას არ გვანებებენ რომ ცეცხლი არ გაჩნდეს. მთავარი ძაბვაა გაწყვეტილი და ჩამოვარდნილი“, – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი ნაირა ხეცურიანი.
ამ დროისთვის, ძლიერი ქარია სანზონაშიც. გურამიშვილის გამზირზე, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყება მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.