კახეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები
კახეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე ქალაქში ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ლაგოდეხის დამაკავშირებელ უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდა. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა კულტურის სახლს, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.

ქარმა ქალაქ თელავის ერთ-ერთ სკვერში წააქცია გარე განათების რკინის ბოძები, ასევე წააქცია საახალწლო ნაძვის ხეები თელავში ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის დამაკავშირებელ სკვერში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და „ენერგო-პრო“ ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.