ძლიერი ქარის გამო, სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 200-მდე ზარი განხორციელდა
ძლიერი ქარის გამო, სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 200-მდე ზარი განხორციელდა

ძლიერი ქარის გამო, საქართველოში სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 123 ზარი განხორციელდა თბილისიდან, ხოლო 75 სხვადასხვა რეგიონიდან.

„თბილისში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

მოქალაქეები, ძირითადად, შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა.

უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.