ძლიერი ქარი საქართველოში - რა ხდება რეგიონებში
ძლიერი ქარი საქართველოში - რა ხდება რეგიონებში

საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე მდებარე მე-2 საჯარო სკოლაში, შენობის სახურავიდან ქარის შედეგად დაზიანებული და საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი სამაშველო ჯგუფი.

ამასთან, მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები საჩხერეში, სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავიდან ჩამოხსნეს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, გზის სავალ ნაწილზე. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფმა გზის სავალი ნაწილი წაქცეული ხეებისგან გაწმინდა.

უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ:

 

იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი;

დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები);

დარეკეთ 112-ში;

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას; დაელოდეთ სამაშველო რაზმს;

 

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:

 

მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად;

დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან;

მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ;

იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში;