ძლიერ პათოგენური ფრინველის გრიპი ფრინველებში უკვე 46 ქვეყანაში დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის წარმოუდგენლად ფართოდ გავრცელების გარდა, 2020 წელს კიდევ ერთი სასიკვდილო პათოგენი აფეთქდა, რაც შეიძლება ასევე საფრთხეს წარმოადგენდეს გლობალური ჯანდაცვისთვის.
H5N8 ძლიერ პათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის (HPAIV) ქვეტიპია, რომელიც ათწლეულების წინ აღმოაჩინეს, მაგრამ 2020 წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა მისი გავრცელება ფრინველთა პოპულაციებში, რასაც მილიონობით ფრინველის დახოცვა ან განადგურება მოჰყა.
„გავრცელების გეოგრაფიული რეგიონები სულ უფრო იზრდება და ამ ეტაპზე, ფრინველის გრიპი H5N8 დაფიქსირებულია 46 ქვეყანაში“, — წერენ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვირუსის მკვლევრები, ვეიფენგ ში და ჯორჯ გაო. ისინი ყურადღებას ამახვილებენ H5N8-ისგან მომდინარე საფრთხის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მის ახლო მონიტორინგს არ მოვახდენთ და ვირუსი ასე გავრცელებას გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ H5N8-ისადმი ყველაზე მოწყვლადია სხვადასხვა სახის ფრინველი (მათ შორის ფერმის ქათმები და იხვები, ისევე როგორც გარეული ფრინველები), ბოლო პერიოდი ვირუსის შემთხვევები ადამიანებშიც აღმოაჩინეს.
2020 წლის დეკემბერში, რუსეთში ფრინველის ეს გრიპი ფერმის მუშებს გადაედოთ; ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ერთ-ერთ ფერმაში შვიდ ადამიანს ინფექციის ნიშნები განუვითარდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც H5N8 ადამიანებში დაფიქსირდა.
მართალია, ეს H5N8-ის პირველი შემთხვევა იყო, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა პირველი შემთხვევა მისი შტოების, ქვეშტოებისა და ზოგადად ფრინველის გრიპის ვირუსისთვის.
„ამ დრომდე, ადამიანებში ლაბორატორიულად დადასტურებულია ქვეტიპ H5N1-ის 862 შემთხვევა, საიდანაც 455 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევები 17 ქვეყანაში დაფიქსირდა, მაგრამ მათი 76 პროცენტი ეგვიპტესა და ინდონეზიაზე მოდის“, — განმარტავს გაო.
თუმცა, ზოონოზური რისკები H5N8-ისა და მისი ოჯახისგან მომდინარე პრობლემათა მხოლოდ ერთი ნაწილია. ბოლო გავრცელებების უმეტესი შემთხვევა, მათ შორის H5N8-ის შტო სახელად 2.3.4, დომინანტი პათოგენი გახდა მსოფლიოში; პირველად ის 2010 წელს ჩინეთის ერთ-ერთ ბაზარში დაფიქსირდა.
„ფრინველის გრიპის ვირუს H5-ის შტო 2.3.4, განსაკუთრებით ქვეტიპი H5N8, აშკარად სწრაფი გლობალური გავრცელებისკენ არის მიდრეკილი გადამფრენ ფრინველებში“, — წერენ მკვლევრები და იქვე შენიშნავენ, რომ ამ ვირუსებს აღენიშნებათ მუდმივი ევოლუციის მტკიცებულებაც.
ვეიფენგ ში ჩინეთის შანდუნის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარია, ჯორჯ გაო კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის. ისინი ერთ-ერთი პირველი მეცნიერები იყვნენ, რომლებმაც 2020 წლის დასაწყისში ახალი კორონავირუსის დოკუმენტირება მოახდინეს.
მათი განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის და მის წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო, შარშან მკვეთრად შემცირდა ადამიანის სეზონური A და B გრიპის ვირუსების გავრცელება.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში გავრცელდა ფრინველის გრიპ H5Ny-ის ძლიერ პათოგენური ქვეტიპები H5N1, H5N2, H5N5, და H5N8.
ამავე დროს, კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსების შტო 2.3.4 ავლენს უჯრედის შებოჭვის განსაკუთრებულ ადაპტაციებს, რაც შეიძლება ადამიანებისთვის გადადების თვალსაზრისით დიდ რისკებს ფლობდეს, მათ შორის ადამიანიდან-ადამიანზე გადამდებობის მხრივაც.
მკვლევართა განცხადებით, საჭიროა მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ძლიერ პათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსების მეთვალყურეობა ფრინველთა ფერმებში.
სტატია ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.