ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო - ნომინანტებში სამი ქართველია #1TVSPORT
11:56, 14.01.2023
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გამოკითხვაში, რომელმაც 2022 წლის საუკეთესოები უნდა გამოავლინოს, სამი ქართველია წარდგენილი. სხვადასხვა ნომინაციებში ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი მოხვდნენ.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა awards.ijf.org-ზე შეუძლიათ. ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულისთვის იბრძვის. ქართველის კონკურენტები არიან: დავლათბობონოვი (უზბეკეთი), ცოგბაატარცენდ-ოჩირი (მონღოლეთი), ენდი გრანდა (კუბა) და ჰიფუმი აბე (იაპონია).
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაშია დასახელებული. მასთან ერთად ამ ტიტულისთვის იბრძვიან რაფაელეპარლატისა და ფრანჩესკო ბრუეირეს დუეტი, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), ანდრეა ბერტისა და სარა მენეზეშის დუეტი, ვლადიმირ პრერადოვიჩისა და დრაგანჩრნოვის დუეტი.
ბექა ღვინიაშვილი წლის საუკეთესო გდების ნომინანტია. მისი მეტოქეები ასტრიდგნეტო, კრისტა დეგუჩი, დენის ვიერუ და სოიჩიჰაშიმოტო არიან.
ხმის მიცემა 31 იანვრამდე ყოველ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. მან წლის ბოლოს ისრაელში შემაჯამებელი ტურნირიც (მასტერსი) მოიგო.