ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე - 17 წლის უკრაინელის რეკორდი და ტაკატოს ზედიზედ მეორე ოქრო [ვიდეო]
04:04, 21.09.2018
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 17 წლის უკრაინელი ლამაზმანი – დარია ბილოდიდი – ძიუდოში, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია.
48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბილოდიდმა ტურნირის პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი თელავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალისტს, კოსოვოელ – დისტრა კრაშნიჩს ვაზაარით მოუგო. ამის შემდეგ, იპონით ჩინელი – ქსიონგი და ყაზახი – გალბადრახი დაამრცხა. „დაშას“ ყველაზე სერიოზული გამოცდა ნახევარფინალში ელოდა, სადაც მისი მეტოქრ 2015 წლის მსოფლიო და 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, არგენტინელი – პაულა პარეტო იყო. ბილოდიდმა, რომელსაც 18 წელი 10 ოქტომბერს უსრულდება, ტიტულოვან და გამოცდილ მეტოქესთან ვაზაარი აიღო და უპირატესობა ორთაბრძოლის ბოლომდე შეინარჩუნა.
რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, დარიას აქ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი (2017), იაპონელი – ფუნა ტონაკი ელოდა. ბილოდიდი მეტოქის ტიტულებსა და გამოცდილებას არც ამჯერად შეუშინდა და შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულც დაისაკუთრა.
დარია ბილოდიდსთვის, მსოფლიო ჩემპიონაობა მართალია ყველაზე დიდი წარმატებაა, მაგრამ პირველი ნამდვილად არ ყოფილა. შარშან, ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მან ოქროს მედლის აღება – 16 წლისა და ექვსი თვის ასაკში მოახერხა, წელს კი დიუსელდორფის და პარიზის გრანდსლემების მოგებაც შეძლო.
ბილოდიდის ამ წარმატების ერთ-ერთ მიზეზად „ძიუდოს სამყაროში“ მის სპორტულ ოჯახსაც მიიჩნევენ. ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით მისი მამა, კონტინენტის ორგზის ჩემპიონი (2001; 2003) – გენადი ბილოდიდი უნდა ახსოვდეთ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის პრიზიორ – დავით ქევხიშვილითან დაპირისპირება არაერთხელ მოუწია (73).
საბოლოოდ ამ წონით კატეგორიაში მედლები ასე გადანაწილდა:
პარალელურად მედლების კიდევ ერთი კომპლექტი, მამაკცთა უმსუბუქესი წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ და ჯამში მესამედ, იპონელმა – ნაოჰისა ტაკატომ დაისაკუთრა.
ტიტულოვანმა იაპონელმა, ნახევარფინალამდე გამრთული ოთხივე ორთაბრძოლა იპონით დაასრულა, თანაც ისე რომ არც ქულა გაუშვია და არც გაფრთხილება მიუღია. ჯამში კი ამ ოთხი ორთაბრძოლის მოსაგებად – ზუსტად ხუთი წუთი დასჭირდა. ყველაზე მძიმე ბრძოლის გადატანა ტაკატოს ნახევარფინალში მოუწია, სადაც წონაში პირველ ნომრად განთესილ თანამემაულე – ნაგაიამას დამატებით დროში, გამოცდილების ხარჯზე აჯობა.
რაც შეეხება ფინალურ ორთაბრძოლას, ტაკატოს მეტოქედ რუსეთის სახელით მოასპარეზე – რობერტ მშვიდობაძე ერგო, რომელთანაც ასევე ვაზაარით გაიმარჯვა და საბოლოოდ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთხელ ავიდა.
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპონატის მეორე დღეს, მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება. საუკეთესობი ვაჟთა შორის 66; ხოლო ქალთა შორის – 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.