ძიუდო | ჩხვიმიანი და მატიაშვილი ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2023 წლის ბოლო გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრები ცხრა ძიუდოისტით გამოვიდა, რომელთაგან ორს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ძიგარო კანოს სახელობის ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან მატიაშივილი იჭიდავებენ. ჩხვიმიანის მეტოქე იაპონელი ნაკამურა იქნება, მატიშვილი კი რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს გრანდ სლემის ფინალში იჭიდავა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ). ქართველი ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი კი 20 წლის გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ ლის იპონით სძლია.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57 კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

2022 წელს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ტოკიოს გრანდ სლემზე მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება კი იაპონელების ტრიუმფით დასრულდა – მათ მამაკაცებში ხუთი, ხოლო ქალებში შვიდივე ოქროს მედალი მოიპოვეს.