დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სახლი წლის ბოლომდე გაიხსნება
დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სახლი წლის ბოლომდე გაიხსნება

ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დუშეთის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

იუსტიციის მინისტრთან ერთად დუშეთში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპების ხელმძღვანელები.

დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი 200-მდე სოფლის 20 ათას მოქალაქეს მოემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს დუშეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს მოიცავს და მის სივრცეში ღონისძიებების მოწყობაც იქნება შესაძლებელი.

საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დუშეთის ტერიტორიული სამსახურისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა, თავად ტერიტორიული სამსახური კი ძველ საბჭოთა ფართში იყო განთავსებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ წყვილებს ექნებათ საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე, სვეტებიანი ტერასა და სკვერი დახვდებათ.

დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მისი რეკონსტრუქციის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს.

დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.