საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ლენტეხის სოფელ ზესხოდან დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ურთულესი რელიეფის გამო, ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
როგორც დღეს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა.
ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დილიდან განაახლა.
ლენტეხის ტყეში ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. სტიქიის შედეგად ორ ჰექტარზე მეტი ტყის მასივი განადგურდა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი მუშაობდა, რის შედეგადაც გუშინ ცეცხლის ნაწილობრივ ლოკალიზება მოხერხდა.