ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დებულება 11 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.
„ხვალ მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის წარმომადგენელთან. ასევე, ხვალ ჩატარდება პირველი სხდომა, სადაც კომისია მიიღებს დებულებას, კომისიის შინაარსობრივი სამუშაო კი, შემდგომ კვირაში იქნება. ორშაბათს ბიურომ უნდა დაამტკიცოს კომისიის დებულება და უკვე კომისია ბოლომდე უფლებამოსილი იქნება საქმიანობას შეუდგეს“, – განმარტა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრას, დეპუტატის განცხადებით, ნინო ლომჯარიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ შევთანხმდით სახალხო დამცველთან, რომ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ, ასევე გავცვლით ინფორმაციას მუდმივად. დღეს მოვისმინეთ კონკრეტული შეფასებები, რაც შეიძლება ჰქონოდა სახალხო დამცველს, რომელთან დაკავშირებით დეტალური განხილვა გვექნება, მათ შორის კომისიის ფარგლებში“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
დღესვე, სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე ხორავას ქუჩაზე მოკული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.