დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დათა თავაძე დრეზდენის დრამატულ თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამას „ვერაგობა და სიყვარულს“ წარმოადგენს. რეჟისორი საპრემიერო სპექტაკლს განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგენს. დრეზდენის სახელმწიფო დრამატული თეატრის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დადგმისთვის დეკორაციებს მხატვარი, ცნობილი გერმანელი არტისტი ტილო როიტერი შექმნის. კოსტიუმების შექმნაზე კი ასევე ცნობილი მხატვარი, ირენ ფავრი იმუშავებს.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას კიდევ ერთი ქართველი მიიღებს. სპექტაკლს მუსიკალურად, ცოცხალი შესრულებით ნიკა ფასური გააფორმებს.

გერმანულ თეატრთან ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი რამდენიმე წელია, თანამშრომლობს. იგი ასევე „სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორიცაა, რომლის სპექტაკლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხშირად იმართება.

პიესა „ვერაგობა და სიყვარული“ შილერმა 1784 წელს დაწერა და გერმანული დრამატურგიის კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება. პიესა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ამ დრომდე აქტიურად იდგმება.

დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დათა თავაძის საპრემიერო სპექტაკლის ჩვენება 9 თებერვალს გაიმართება.