„დოპელმაიერის“ სამხრეთ კავკასიის დირექტორი - ინსპექტირებით დადგინდა, რომ გუდაურის საბაგირო აბსოლუტურად გამართული იყო
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ გუდაურის საძელე საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული, ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით, – ამის შესახებ გუდაურში საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმაიერის“ სამხრეთ კავკასიის დირექტორმა ნიკოლოზ გრძელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბაგიროს მომსახურეობას მთის კურორტების კომპანია მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით ახორციელებდა, რაც არის ცალსახა.
„კომპანია „დოპელმაიერს“ 14 800 ინსტანცია აქვს მსოფლიოს მასშტაბით, 92 ქვეყანაში. ჩვენ საქართველოში ტურისტულ სექტორსა და ურბანული ტრანსპორტის სექტორში 1988 წლიდან ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საშუალება მოგვეცემა, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შევმატოთ მეტი ღირებულება და ქვეყანაში საქმიანობა წარმატებით გავაგრძელოთ.
საბაგირო იმყოფებოდა სრულ მზადყოფნაში. ის იყო ტექნიკურად გამართული და ყველაფერი აჩვენებდა, რომ საბაგიროს მთის კურორტების კომპანია მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მოხედვით უვლიდა. საბაგირო გაჩერდა ავტომატურად. საბაგიროს გაჩერებას მოჰყვა ქმედებები და მან დაიწყო უკან სვლა“, – განაცხადა ნიკოლოზ გრძელიძემ.
„დოპელმაიერის“ სამხრეთ კავკასიის დირექტორის თქმით, კომპანია გუდაურის საბაგიროზე დაშავებულების რეაბილიტაციის პროცესს ყურადღებით აკვირდება და აქვთ ინფორმაცია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ დინამიკურია.
„რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს საქართველოს სამთო კურორტებზე ისევ ვიხილავთ.
კომპანია „დოპელმაიერის“ სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის კურორტების კომპანიას, „ბიუროვერიტასს“ იმისათვის, რომ ფაქტია, ერთი კვირის თავზე მოვახერხეთ და დავდეთ დამოუკიდებელი დასკვნა. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი უაღრესად კოორდინირებული პროცესის უზრუნველყოფის გარეშე“, – განაცხადა ნიკოლოზ გრძელიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, დასკვნის მიხედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.