დონალდ ტუსკი - ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ
ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში ომით დაღლილობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, მისი მთავრობა უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სრულ მობილიზაციას მოითხოვს.
„ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ, რომ დაიღალნენ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით. ისინი ეუბნებიან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ დაიღალნენ სიტუაციით“, – განაცხადა ტუსკმა.
მისივე შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმა არის „შეტევა ყველა ჩვენგანზე“.
ამასთან ერთად, ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის პოლონეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვარშავა მომთხოვნი უნდა იყოს, როდესაც საქმე ეხება პოლონელი ფერმერების ინტერესებს.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის არის ომი. უკრაინელები იბრძვიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, მათი ბრძოლა კი დაიწყო მაიდანზე, ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, ლეგალური სახელმწიფო, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, – აღნიშნა ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე საათში მიემგზავრება ბრიუსელში იმ იმედით, რომ დაარწმუნებს მოკავშირეებს, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინა რუსული აგრესიისგან.
„მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.