დონალდ ტუსკი - პოლონელებს სურთ უკრაინის დახმარება, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაზარალდნენ
დონალდ ტუსკი - პოლონელებს სურთ უკრაინის დახმარება, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაზარალდნენ

პოლონელებს სურთ უკრაინის დახმარება, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაზარალდნენ, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება პოლონეთისა და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს დახმარება. ამასთან, ტუსკმა განაცხადა, რომ ის უფრო მომთხოვნი იქნება, როდესაც საქმე პოლონელების ინტერესების დაცვას დაუკავშირდება.

„მე ველოდები, რომ უკრაინული მხარე დაგვეხმარება ამ პათოლოგიების მკურნალობაში, რომ ჩვენს ფერმერებსა და გადამზიდავებს საზღვრების ჩაკეტვა აღარ მოუწიოთ. პოლონელებს სურთ უკრაინის დახმარება, მაგრამ ამის გამო არ უნდა დაზარალდნენ“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვიზიტით კიევში ჩავა.

ცნობისთვის, პოლონელმა გადამზიდავებმა არაერთი აქცია გამართეს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. სხვა საკითხებთან ერთად, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, ისინი ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებისთვის.