დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დროს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დროს.
ამის შესახებ განცხადება ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„თქვენ ეუბნებით მსოფლიოს, რომ გაიღვიძონ, თუ ბოროტება არსებობს, მას უნდა დაუპირისპირდე, უნდა ებრძოლო და არ შეგეშინდეს. ეს არის 21-ე საუკუნის უდიდესი გაკვეთილი მთელი მსოფლიოსთვის და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, პოლონელი კაცებისა და ქალების სახელით, მთელი ევროპის სახელით. ევროპა იპოვის გზას და ჩვენ ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოველგვარი დათქმის გარეშე, ორბანთან ერთად ან მის გარეშე. მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციაში. ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინას ახლა, ომის დროს, ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინიათ, რასაც ზელენსკი უკრაინის ღალატად მიიჩნევს.
„უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის, ეს ოფიციალური განცხადებაა. ქვეყნებს ვერ დავასახელებ, ჭკვიანი ხართ და თავადაც მიხვდებით, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს და აგიხსნით რატომ. ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან და ეს ნიშნავს, რომ ომი, რომელიც ახლა ხდება, მათი ომი არ არის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი და მოღალატეობრივი საქციელი უკრაინის მიმართ“, -განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, დონალდ ტუსკის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთი შეუერთდა დიდი შვიდეულის დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ქვეყნების მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად.