დონალდ ტრამპი - ყირიმის ანექსიის შეჩერება შეიძლებოდა, მაგრამ ობამამ ეს ვერ შეძლო
დონალდ ტრამპი - ყირიმის ანექსიის შეჩერება შეიძლებოდა, მაგრამ ობამამ ეს ვერ შეძლო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შეჩერება შესაძლებელი იყო, თუმცა ბარაკ ობამამ ეს ვერ შეძლო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტ ობამას სუფთად და მარტივად აჯობეს, მათ ყირიმი მისი ადმინისტრაციის დროს წაიღეს. ეს არ იყო კარგი, თუმცა ამის შეჩერება შესაძლებელი იყო, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ ეს ვერ შეაჩერა და ეს ძალიან ცუდია”, – აღნიშნა ტრამპმა.

პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

„ბევრად უმჯობესია რუსეთის „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში ყოფნა. პოპულარულია თუ არა ჩემი
მხრიდან ეს ნაბიჯი პოლიტიკური თვალსაზრისით? შესაძლოა, არა. შესაძლოა, ბევრი ადამიანი დამეთანხმოს, ბევრი კი – არა. მე არაფერს ვაკეთებ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მე ვაკეთებ იმას, რაც სწორია და ხალხს ეს მოსწონს”, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა, რომლის თქმითაც, რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება მსოფლიოში უსაფრთხოების გაძლიერებას და გლობალურ ეკონომიკას შეუწყობდა ხელს.

შეკითხვაზე, მიიწვევდა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს „დიდი შვიდეულის“ მორიგ სამიტზე, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ უპირობოდ მიიწვევდა.

„ვფიქრობ, მის (პუტინის) მიმართ ძალიან მძიმე გარემოებები შეიქმნა. ის ამაყი ადამიანია. მე უპირობოდ მოვიწვევდი მას იმის მიუხედავად, შეძლებდა თუ არა ის ჩამოსვლას ფსიქოლოგიური მიზეზებით”, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.