დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვის აკრძალვა არ იგეგმება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს, აშშ-ი ერ-რიადს შეიარაღებას მაინც მიჰყიდის.
ხაშოგის გაუჩინარების გამო აგორებული სკანდალისთვის ბევრმა ამერიკელმა სენატორმა საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვაზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა. თუმცა, როგორც აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონი „საკუთარ თავს დაისჯის“, რადგან საუდის არაბეთი იარაღს ჩინეთისგან ან რუსეთისგან იყიდის. ტრამპის თქმით, ერ-რიადთან გაფორმებულია 110 მილიარდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი, რომელიც აშშ-ში 450 000 სამუშაო ადგილს ქმნის.
მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი პირობას დებს, თუ დამტკიცდა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის მკვლელობასთან საუდის არაბეთის მთავრობაა დაკავშირებული, მაშინ ვაშინგტონი „მკაცრ“ ზომებს მიიღებს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, აშშ-ის კონგრესს აქვს უფლება, დაბლოკოს სამხედრო კონტრაქტები, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ იარაღს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა.
„ვაშინგტონ პოსტი“ ამტკიცებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს უკვე გადასცა ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც საკონსულოში ხაშოგის დაკითხვასა და მის მკვლელობას ასახავს. მედიის ცნობით, ვიდეო და აუდიოჩანაწერი ჟურნალისტის ელექტრონულ საათზე Apple Watch-ზე აღმოჩნდა.