დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ნიუ ჰემფშირის შტატში ხმათა 70%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმების 54,4%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი, რომელმაც ხმათა 43,6% მოიპოვა.
ჰეილიმ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.
„ჩვენ სამჯერ მოვიგეთ ნიუ ჰემფშირში, სამჯერ, და ჩვენ ვიგებთ აქ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვიმარჯვებთ პრაიმერიზში და ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ადგილია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში გაიმარჯვა. მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.