დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა სასჯელს ელოდება ის მოსამართლისგან, ტრამპმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს პატიმრობას ან შინაპატიმრობას და აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის.

„მე ვნახე ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი ტელევიზიით, რომელმაც თქვა: არა, თქვენ ხომ არ გინდათ ამის გაკეთება პრეზიდენტისთვის. მე კი ვუთხარი, რომ არაფრის თხოვნა არ არის საჭირო“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, თუ მას დააპატიმრებენ, დარწმუნებული არ არის, რომ საზოგადოება ამას შეეგუება.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან შეგუება, ამის გადატანა. თქვენ იცით, გარკვეულ დროს დგება გარდამტეხი მომენტი“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.