დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს „ბრექსითის” იმ პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი მართებულად მიიჩნევს
აშშ-ის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს „ბრექსითის” იმ პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მართებულად მიიჩნევს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩეკერსის რეზიდენციიდან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ, ბრიტანულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ მისსავე ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი „ბრექსითის” ტერეზა მეისეულ სტრატეგიას აკრიტიკებდა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმას, აშშ-დიდი ბრიტანეთის მომავალი სავაჭრო ურთიერთობებისთვის დამღუპველად მიიჩნევდა.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ინტერვიუ ამონარიდების სახით არის გამოცემული, რაც საერთო სურათს ცვლის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეთანხმება მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ორ ქვეყანას შორის ამბიციური სავაჭრო შეთანხმება დაიდება. დღეისთვის ვაშინგტონსა და ლონდონს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთ ტრილიონ დოლარს აღემატება.