როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა. მსოფლიოს მერვე ჩოგანმა 2 საათსა და 20 წუთში დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია, მსოფლიოს 72-ე ჩოგანი მარკო ჩეკინატო, რომელმაც წინა ეტაპზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას.
იტალიელმა ავსტრიელს პირველ ორ სეტში სერიოზული ბრძოლა გაუმართა საწყის პარტიაში მან უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ მე-11 გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და 5:7 დათმო სეტი.
მეორე სეტში ბრეიკები არ ყოფილა და ტაი-ბრეიკი დაინიშნა, რომელიც მატჩის კულმინაცია აღმოჩნდა. ტიმი 6:3-ს იგებდა და სამმაგი სეტბოლი ჰქონდა. ჩეკინატომ სამივე საფრთხე მოიგერია და შემდეგ, თავად მიიღო სამი სეტბოლი, თან ერთი საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ სეტი მოგებამდე ვერ მიიყვანა.
საბოლოოდ, ტიმმა მეხუთე სეტბოლზე მაინც მოიგო დაძაბული ტაი-ბრეიკი – 12:10, რის შემდეგაც მესამე პარტიაში ჩეკინატოს აღარ უბრძოლია – 7:5, 7:6(10), 6:1.
დომინიკ ტიმი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. მისი მეტოქე გაირკვევა ესპანელი რაფაელ ნადალისა და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს ნახევარფინალში.