WTA-მ ოფიციალურად შეაჩერა ჩინეთში საჩოგბურთო ტურნირების ჩატარება #1TVSPORT
WTA-მ ოფიციალურად შეაჩერა ჩინეთში საჩოგბურთო ტურნირების ჩატარება #1TVSPORT

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) ოფიციალურად გამოაცხადა უარი ჩინეთში ტურნირების ჩატარებაზე იმ სკანდალური სიტუაციის გამო, რომელიც წყვილთა თანრიგში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონის შუაი პენგის გაუჩინარების გამო შეიქმნა.

„თუ გავლენიან ადამიანებს შეუძლიათ ჩაახშონ ქალების ხმა და მიჩქმალონ სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები, მაშინ WTA-ს იდეა და პრინციპი – თანასწორობა ქალებისთვის – მნიშვნელოვნად დაზარალდება. მე არ შემიძლია დავუშვა, რომ ასეთი რამ მოხდეს WTA-სთან და მის მოთამაშეებთან მიმართებაში.

WTA-ის დირექტორთა საბჭოს სრული მხარდაჭერით ვაცხადებ ჩინეთში და მათ შორის, ჰონგ კონგში ყველა ტურნირის შეჩერების შესახებ. მე არ შემიძლია სუფთა სინდისით ვთხოვო ჩვენს სპორტსმენებს გამოვიდნენ იქ, სადაც შუაი პენგს არ აქვს შესაძლებლობა – თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან მეშინია რისკების, რომელსაც ჩვენი მოთამაშეები და თანამშრომლები შეიძლება გადააწყდნენ 2022 წელს ჩინეთში მუშაობისას.

ვწუხვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩინეთის საჩოგბურთო საზოგადოებაში ბევრი შესანიშნავი ადამიანია, რომლებთანაც მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. ისინი უნდა ამაყობდნენ საკუთარი მიღწევებით, სტუმართმოყვარეობითა და წარმატებებით.

მაგრამ, სანამ ჩინეთი არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ვთხოვეთ, არ შეგვიძლია გავრისკოთ ჩვენი თანამშრომლებითა და ჩოგბურთელებით. ჩინეთის ხელმძღვანელობამ არ დაუტოვა WTA-ს არჩევანი. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს მოწოდებებს შეისმენენ და ჩინეთის ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს გადადგამს“, – წერია ასოციაციის პრეზიდენტის სტივ საიმონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი აღარ არის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დაწერა ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ჩჟან გაოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. სიჩუმე დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა. 17 ნოემბერს, პენგმა წერილი გაუგზავნა მსოფლიოს ჩოგბურთელთა ასოციაციას (WTA), რომელშიც უკან წაიღო თავისი სიტყვები, თუმცა, საზოგადოებას ნაკლებად სჯერა, რომ ეს განცხადება ნამდვილია. WTA-ში განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ, შესაძლოა, უარი თქვას თავის ყველა ბიზნესზე ჩინეთში, თუ პენგის საქმის გამოძიება გამჭვირვალე პროცედურა არ იქნება.