აშშ-ის დაზვერვის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის მცდელობა დაფიქსირდეს
აშშ-ის დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის მცდელობას არ გამორიცხავენ.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ არაერთი უცხოელი აქტორია დაინტერესებული ხუთი ნოემბრის არჩევნებით.
„მაიკროსოფტის“ საფრთხეების ანალიტიკურმა ცენტრმა აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია, რომ გარე ძალების ჩარევა ნელ-ნელა დაიწყო, ძირითადად, რუსეთთან დაკავშირებული ონლაინ საფრთხეებია დაფიქსირებული.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მთავრობები არჩევნებში ერევიან, რათა ძირი გამოუთხარონ აშშ-ის დემოკრატიისადმი ნდობას, გადაიტანონ ვაშინგტონის ყურადღება შიდა პრობლემებზე და შეცვალონ პოლიტიკა მათი ინტერესების სასარგებლოდ.
როგორც სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებდა, რუსმა ჰაკერებმა გამოიყენეს ბოტები, რათა სოციალურ მედიაში გაევრცელებინათ პოლარიზებული დეზინფორმაცია. მისი თქმით, მათ ასევე შეაღწიეს დემოკრატიული პარტიის სერვერებში.
ამის შემდეგ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა პრიორიტეტული სტატუსი მიანიჭეს არჩევნებში უცხო ძალების ჩარევის საფრთხეებს და სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელეს, რათა უზრუნველეყოთ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ანგარიშები ექსპერტებს შეეფასებინათ.
სოციალურმა მედიაპლატფორმებმა კი უცხოური ჩარევის ნიშნების გამოსავლენად თანამშრომლობა დაიწყეს აშშ-ის მთავრობასთან.
„მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელ კონფერენციაზე „ამაზონმა“, „გუგლმა“, „მეტამ“ და „ტიკტოკმა“ ხელი მოაწერეს პაქტს „გონივრული სიფრთხილის“ ზომების შესახებ. არსებობს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებშიც რუსეთი კვლავ იქნება მთავარი აქტორი, ისევე როგორც ჩინეთი, ირანი და კუბა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და ისეთსავე რისკს არ წარმოადგენენ, როგორც რუსეთი“, – წერს „დოიჩე ველე“.