„სიენენი“ - აშშ-ის დაზვერვას ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ ჰქონდა დეტალური ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო
„სიენენი“ - აშშ-ის დაზვერვას ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ ჰქონდა დეტალური ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო

აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დაზვერვის ინფორმაციით, პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, ყველა კერძო სამხედრო კომპანია, მათ შორის „ვაგნერი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებას გააფორმებდა.

როგორც „სიენენი“ წერს, ინფორმაცია იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებმა და კონგრესის „რვიანის ჯგუფის“ წევრებმა იცოდნენ, რომლებთაც წვდომა აქვთ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე. აშშ-მ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე მოკავშირეს გაუზიარა, მათ შორის ბრიტანეთის მაღალჩინოსნებს. მედიის ცნობით, ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვამ გამოიწვია ევროპის ლიდერებისა და მათ შორის აშშ-ის მაღალჩინოსნების შეშფოთება.

„სიენენის“ ინფორმაციით, წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ასევე არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული დაზვერვის ინფორმაციის შესახებ, პირველ ყოვლისა, იმის შიშით, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების საუბრები შეიძლება, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილიყო.

„სიენენი“ ასევე წერს, რომ მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინა, რომ „ვაგნერის“ ამბოხის პარალელურად არ მიეტანათ იერიში რუსეთის ტერიტორიებზე.