დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული - ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ მაქვს
თბილისის საქალაქო სასამართლო დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულის, ზაზა მურჯიკნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს.
ბრალდებულის ადვოკატი ითხოვს, რომ მურჯიკნელის მიმართ არ მოხდეს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რადგან ადვოკატ სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეშია სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ამტკიცებს დაკავებული პირისთვის ბრალად შერაცხილ ქმედებას.
რაც შეეხება მოტივს, საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მოტივიც სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთება.
ამასთან, როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას დანაშაულთან შეხება არ აქვს.
„ამ არსებულ დანაშაულთან მე არანაირი შემხებლობა არა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეს დაადგენენ, რადგან არანაირი შეხება არა მაქვს ამ დანაშაულთან“,- განაცხადა მურჯიკნელმა.
სასამართლო პროცესს ესწრება ასევე დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ადვოკატი. გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, სწორედ საქმის მასალების და დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ უფრო მეტ დეტალებზე შეძლებს დაზარალებული მხარე საუბარს.
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 იანვარს დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.