დმიტრო კულებამ და ენტონი ბლინკენმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან შეხვედრა გამართეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან უკრაინა-პოლონეთის საზღვართან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დმიტრო კულებას განცხადებით, ენტონი ბლინკენთან უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიასთან დაკავშირებით პროდუქტიული განხილვები ჰქონდა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს „უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებისთვის“.
„ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ექნება შესაძლებლობა, ნახოს მკაფიო გამოვლინება იმისა, რომ გვყავს მეგობრები, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან. დიდი მადლობა თქვენ ხელმძღვანელობას, რომ შეძელით საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გვქონდა განხილვები იარაღთან და სანქციებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იზოლაციასთან დაკავშირებით და გზავნილი, რომლის გაცხადებაც მინდა, არის ძალიან მარტივი – უკრაინა მოიგებს ამ ომს ყველა შემთხვევაში, რადგან ეს არის ხალხის ომი მათი მიწისთვის. საკითხავია, თუ რა იქნება ამის საფასური, ჩვენი გამარჯვების საფასური და თუ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ გაბედული და სისტემატური გადაწყვეტილებების მიღებას, თუ ისინი გააგრძელებენ აუცილებელი იარაღის მოწოდებას, მსხვერპლი უფრო ნაკლები იქნება. ეს გადაარჩენს ბევრის სიცოცხლეს უკრაინაში, გადაარჩენს ბევრ სახლს და უფრო მეტი ბავშვი დაიბადება,” – განაცხადა დმიტრო კულებამ ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ.
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრასთან დაკავშირებით სატელევიზო მიმართვა გაავრცელა.
„ჩვენ გვქონდა პროდუქტიული განხილვები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და მიღებული ზომების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ასევე, რაც მთავარია, ჩვენი სამომავლო ნაბიჯების შესახებ უკრაინისთვის საჭირო იარაღით მომარაგებისა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, კულებას თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების განხორციელებას უახლოეს დღეებში შეძლებენ.