დმიტრო კულება - ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა, ამიტომ დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება
დმიტრო კულება - ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა, ამიტომ დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის განხორციელება

ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, რატომ ვითხოვთ მუდმივად სადმე მიღებას, თუ თავად შეგვიძლია რაღაცის შექმნა და მართვა. სწორედ ამიტომ, როდესაც გავხდი მინისტრი, დავიწყე მცირე ალიანსების სტრატეგიის იმპლემენტაცია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნებას.

მისივე თქმით, სხვა საქმეა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

„მჯერა, რომ ლონდონი-ვარშავა-კიევის ალიანსი განამტკიცებს შავი და ბალტიის ზღვების უსაფრთხოებას და შექმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ევროპის ჩვენს ნაწილში“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისბუქგვერდზე განთავსებულია ფოტო, სადაც აღნიშნულია უკრაინის მცირე ალიანსები. მათ შორის არის „ლუბლინის სამკუთხედი“, ასევე „ასოცირებული ტრიო“, რომელშიც საქართველო და მოლდოვაც შედიან და თურქეთთან „ოთხეულის“ თანამშრომლობის ფორმატი.

„მცირე ალიანსების სისტემას შეუძლია, გადაჭრას გადაუდებელი პრობლემები დღეს, განამტკიცოს თავდაცვითი შესაძლებლობები და აამოქმედოს სასარგებლო ეკონომიკური პროექტები, განავითაროს სატრანსპორტო პროექტები და გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება“, – წერს კულება.

დიდი ბრიტანეთის პოლონეთისა და უკრაინის ალიანსის დაფუძნების შესახებ გუშინ, 17 თებერვალს კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.