უკრაინას ისტორიაში ყველაზე ცუდი ზამთარი ელოდება, – ამის შესახებ დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას სჭირდება ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სათანადოდ დაიცვას.
„მე ვიყიდე ათობით სანთელი. მამაჩემმა იყიდა მთელი სატვირთო შეშა. ჩვენ ვემზადებით ყველაზე ცუდი ზამთრისთვის, რაც კი ოდესმე ყოფილა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, დავხუჭოთ თვალი, თუ არ მივიღებთ გერმანიისგან შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, მაგრამ მივიღებთ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთ დავიცვათ ჩვენი ელექტროსადგურები, მაგრამ რუსები ამას უკვე შეეწყვნენ. ისინი კვლავაც გააგრძელებენ ჩვენი გამძლეობის გამოცდას საკუთარი რაკეტებით, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – თქვა კულებამ.
ამასთან, კულებამ განაცხადა, რომ კიევი კვლავაც შეეცდება, მიიღოს გერმანიისგან შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები.
ამავე ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მან მიიღო დაპირება გერმანელი კოლეგისგან, რომ უკრაინას ევროკავშირში აუცილებლად მიიღებენ.
„იმისთვის, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზარს, უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში და გააძლიეროს ბრძოლა კორუფციასთან. ჩვენ შესაბამისი კანონები უკვე მივიღეთ, რომლებიც ახლა უნდა შესრულდეს“, – ამბობს დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დასავლეთის მხრიდან უკრაინის ფინანსური თუ სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
„თუ დასავლეთი ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას, მაშინ რომელს მოიგებს?“ – აცხადებს კულება.