დმიტრო კულება - რუსეთს უნდა გაეგზავნოს მკაფიო შეტყობინება, რომ უკრაინა მარტო არ დარჩება, ეს მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს, არამედ სპეციფიკურ მოქმედებებს, მათ შორის - სანქციებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პრაქტიკულად უნდა იმოქმედოს.
„რუსეთს უნდა გაეგზავნოს მკაფიო შეტყობინება, რომ ამ ესკალაციას არ შევეგუებით, უკრაინა მარტო არ დარჩება. ეს მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს, არამედ ასევე ძალიან სპეციფიკურ მოქმედებებს, ისეთს, როგორიცაა უკრაინის თავდაცვის სექტორის განვითარებაში მხარდაჭერა, უკრაინის კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერა, ზოგიერთი სანქციის დაწესება. ეს არის გზავნილი, რომელსაც გადავცემ ჩემს კოლეგებს. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის კარგი და ლეგიტიმური მიზეზები სულ მცირე ზოგიერთი სანქციის დაწესებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ მოქმედებს“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ კიევი სამიტისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდება.
„დღეს ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ბლინკენს, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია ბაიდენისა და პუტინის სამიტთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. ჩვენ გვჯერა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა ცდად ღირს. მდივანმა ბლინკენმა დამარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ზურგსუკან. ჩვენ კოორდინაციაში ვართ აშშ-სთან პოზიციების შეთანხმებისთვის და იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენი ინტერესები გათვალისწინებული იქნება. ჩვენ, ვისაც ძალიან გვსურს ომის თავიდან არიდება, ვიმედოვნებთ – ორი პრეზიდენტი შეხვედრიდან შეთანხმებით გამოვა, რომ რუსეთი გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.