დმიტრო კულება - იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას
დმიტრო კულება - იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო თუ  გადაწყვეტს განსაზღვროს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად სჭირდება, ქვეყანა მზად არის გადადგას ეს ნაბიჯები. აღნიშნულის შესახებ კულებამ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კულებას შეფასებით, ნატო-სადმი უკრაინის მიმართვა ცვლის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ლოგიკასა და დინამიკას.

„სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იმ ქვეყნებმაც, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას ამ ახალ გარემოებებში“, – აღნიშნა კულებამ.

კულებას თქმით, როდესაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთა განაცხადი, ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილი ზოგიერთი დედაქალაქის რეაქცია, მაშინაც უკიდურესად თავშეკავებული იყო, თუმცა უკრაინამ მაინც მიიღო კანდიდატის სტატუსი. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს არის სახელმწიფო, რომელიც ომის მიუხედავად, აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, ასევე სახელმწიფო, რომელიც სწირავს თავის საუკეთესო შვილებსა და ქალიშვილებს დემოკრატიის დაცვისთვის.