უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლუკაშენკოს უკვე აკლია ლეგიტიმურობა, ხოლო ოპოზიციას საკმარისი ლეგიტიმურობა ჯერ არ აქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლუკაშენკოს უკვე აკლია ლეგიტიმურობა, ხოლო ოპოზიციას საკმარისი ლეგიტიმურობა ჯერ არ აქვს

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას არ ცნობს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ გააკეთა.

„მოკლედ გეტყვით, ლუკაშენკოს უკვე აკლია ლეგიტიმურობა, ხოლო ოპოზიციას საკმარისი ლეგიტიმურობა ჯერ არ აქვს. როდესაც უკრაინა დადგა არჩევანის წინ – იყოს ე.წ. ინაუგურაციაზე მიპატიჟებულ ასამდე სტუმარს შორის, თუ დახურულ კარს მიღმა დარჩენილ მილიონობით მოქალაქესთან, მაშინ არჩევანი ცალსახა იყო.

უკრაინა იმ მილიონობით ადამიანის გვერდითაა, ვინც დახურულ კარს მიღმა გამართულ ღონისძიებაზე არ მიიპატიჟეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინასა და ბელარუსს შორის ოფიციალური კონტაქტები ამ დრომდე შეჩერებულია.

ონლაინ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრიდან, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკოს უფლებამოსილება ამოიწურება, კიევი მას ბელარუსის პრეზიდენტად აღარ მოიხსენიებს.