დმიტრო კულება აცხადებს, რომ სამხედრო-პოლიტიკური გადატვირთვა, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, გავლენას არ მოახდენს დასავლელ პარტნიორებთან კიევის ურთიერთობებზე
დმიტრო კულება აცხადებს, რომ სამხედრო-პოლიტიკური გადატვირთვა, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, გავლენას არ მოახდენს დასავლელ პარტნიორებთან კიევის ურთიერთობებზე

სამხედრო-პოლიტიკური გადატვირთვა, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, გავლენას არ მოახდენს დასავლელ პარტნიორებთან კიევის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაიმე ცვლილებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს კონსტიტუციური უფლება, გაათავისუფლოს ჯარის მეთაური, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

როგორც კულებამ აღნიშნა, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ცვლილება არ იქნება უკრაინაში სამხედრო განხეთქილების ნიშანი.

„ჩვენ შეიძლება, გუნდში გვქონდეს დისკუსია ტაქტიკაზე, მაგრამ ყველანი ერთიანები ვართ ჩვენი სტრატეგიული მიზნის ირგვლივ – რუსეთის დამარცხება უკრაინაში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. ამ სტრატეგიული მიზნის ირგვლივ დისკუსია არ მიმდინარეობს“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ პირველად ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე. „ეს არის საკადრო საკითხი. საკითხი იმ ადამიანების შესახებ, ვინც უნდა მართოს უკრაინა. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. გამოცემა „ეკონომისტი“ კი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვს.