დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლებელია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლებელია. ამის შესახებ მან ავსტრიის ელჩების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.
დმიტრო კულებას თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებით დაასვენებს რუსეთის ფედერაციას, რათა მოგვიანებით კვლავ განაახლოს საომარი მოქმედებები.
„ზოგიერთი ომი არ არის მხოლოდ კონფლიქტები ან ტერიტორიული დავა. ეს არის გენოციდური დაპყრობითი ომები, რომლებიც არ შეიძლება დასრულდეს უბრალოდ მეომარი მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევით. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ასეთი შემთხვევაა. მისი მოგება ბრძოლის ველზეა საჭირო, რის შემდეგაც რუსეთი სერიოზულად იფიქრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა კულებამ.