დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია და წევრობა მხოლოდ დროის საკითხია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, ახლა წევრობა მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, მინისტრების მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „კონსენსუსი იგრძნობოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხია“.
„ყველა მიმართულია, იმოძრაონ წინ მაქსიმალური სიჩქარით, ყველა რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც ჩაატარა, ატარებს და მომავალში ჩაატარებს უკრაინა“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, დმიტრო კულებამ აღნიშნა: „ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ასეთი: ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის შვიდივე საკვანძო რეომენდაციას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ველოდებით, რომ ისინი შეფასებული იქნება სამართლიანად, გამჭვირვალედ, დამატებითი პირობების გარეშე. ატმოსფერო მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ საკითხზე“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის არასრული წევრობის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამგვარად ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებას, რომ უკრაინისთვის მიუღებელი იქნება მეორეხარისხოვანი წევრობა. როგორც კულებამ განმარტა, ამგვარი შეთავაზებები კიევს ბრიუსელისგან არ მიუღია.
„უკრაინა პირველხარისხოვანი სახელმწიფოა და მისი წევრობა ევროკავშირშიც იქნება პირველხარისხოვანი“, – განაცხადა კულებამ.