ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „პლაქვენილით“ მკურნალობის რისკის შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია
ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „პლაქვენილით“ მკურნალობის რისკის შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია

ცნობილმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილით) მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია. ამის შესახებ განცხადება თავად ჟურნალმა გაავრცელა.

„ლანცეტის“ განცხადების თანახმად, სტატიის ოთხი ავტორიდან სამმა უარი განაცხადა თავიანთ კვლევაზე, რადგან ვერ შეძლეს იმ მონაცემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება, რომელიც მათ ანალიზს საფუძვლად ედო. შედეგად, დაასკვნეს, რომ ვეღარ აგებენ პასუხს მონაცემთა პირველადი წყაროების უტყუარობაზე.

ჟურნალის რედაქცია აღნიშნავს, რომ სტატია უახლოეს დროში განახლდება. 22 მაისს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ „პლაქვენილის“ გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რისკს ზრდიდა.

კვლევის გამო, რამდენიმე ქვეყანამ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეწყვიტა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მედიკამენტის კლინიკური გამოცდა.