ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი ტატიანა ჟდანოკი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობდა
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი ტატიანა ჟდანოკი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობდა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი ტატიანა ჟდანოკი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, „ფე-ეს-ბე“-სთან თანამშრომლობდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული საგამოძიებო ონლაინპორტალი The Insider-ი წერს.

პუბლიკაციის თანახმად, ჟდანოკის თანამშრომლობა რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან რამდენიმე ათეული წლის წინ და დაიწყო და მას შემდეგ მას, სულ მცირე, ორი საკონტაქტო პირი ჰყავდა რუსულ სპეცსამსახურებში.

როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, ჟდანოკი ევროპარლამენტის წევრის მანდატს 2004 წლიდან ფლობს და პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ის მუდმივად ამტკიცებდა, რომ ესტონეთი და ლატვია რუსულ უმცირესობას დევნიან და აკრიტიკებდა ჯარისკაცის ბრინჯაოს მონუმენტის გადატანის გადაწყვეტილებას.

The Insider-მა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამომძიებელი ჟურნალისტების კონსორციუმს გაუზიარა, რომელიც შედგება რეპორტიორებისგან ბალტიის ქვეყნებისა და შვედეთიდან. პორტალს ხელში ჩაუვარდა ელექტრონული მიმოწერა ჟდანოკსა და „ფე-ეს-ბე“-დან მის ნაცნობს შორის, რომელსაც ის, სავარაუდოდ, უზიარებდა ინფორმაციას პროექტებთან და გეგმებთან დაკავშირებით. სულ მცირე, ერთ შემთხვევაში ლატვიელმა დეპუტატმა ითხოვა დაფინანსება წითელი არმიის გამარჯვების აღნიშვნის ღონისძიების ორგანიზებისთვის.

როგორც The Insider-ი წერს, ჟდანოკის ორი საკონტაქტო პირი „ფე-ეს-ბე“-ს დაზვერვის ოფიცერი იყო. მათგან ერთ-ერთის სახელი დმიტრი გლადეია, რომელთანაც თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა, როდესაც დეპუტატმა სერგეი ბელტიუკოვთან დაიწყო საუბარი.

ტატიანა ჟდანოკი აცხადებს, რომ ის ათასობით ადამიანს შეხვედრია და არ ახსოვს პიროვნება გვარად ბელტიუკოვი. თუმცა The Insider-ი აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელი ფსევდონიმად სერგეი კრასინის სახელს იყენებდა.

ამასთან, ევროპარლამენტარი აღიარებს, რომ გლადეის 1970-იანი წლებიდან იცნობს. თუმცა, მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ გლადეი დაზვერვის ოფიცერი იყო.

ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტატიანა ჟდანოკი რეგულარულად ხვდებოდა გლადეის ევროპასა და მოსკოვში, თუმცა წერილებში არ არის ნახსენები მათი პირადი საუბრების მიზანი და თემა. მაგალითისთვის, 2007 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც კანონმდებელმა გლადეის პირადი შეხვედრიდან ერთ კვირაში გაუგზავნა, ის ბოდიშს იხდიდა, რომ სტრასბურგიდან „დაპირებული ინფორმაცია“ ვერ გაუგზავნა, შემდეგ კი ჩამოთვალა, თუ რა ამოცანების შესრულება შეძლო ივნისიდან.