ჟურნალისტებზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებული - ქართველი ადამიანი ვარ, ოთხი შვილის მამა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა
მარტო ვიყავი და მდგომარეობიდან გამოვედი, ხელი მოვუქნიე, რაზეც მზად ვარ, პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, – ამის შესახებ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მურად დევლარაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
დევლარაშვილის განცხადებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებზე არ უძალადია. მისივე თქმით, აღელვებიდან გამომდინარე ხელი ერთხელ მოიქნია და აღნიშნა, რომ მზად არის, ამის გამო პასუხი აგოს.
„აქციაზე მარტო ვიყავი. ქართველი ადამიანი ვარ, ოთხი შვილის მამა. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, არავისთვის არაფერი მითქვამს. მშვიდობიანად ვიჯექი. იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ჟურნალისტებმა შეურაცხყოფების მოყენება გადაწყვიტეს, პუტინის მონები და მოძალადეები გვეძახეს, რას აღარ გვეუბნებოდნენ. ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ იყვნენ ერთეულები, რომლებიც შეურაცხყოფებზე გადავიდნენ. არავისთან ერთად არ ვყოფილვარ, მარტო ვიყავი და მდგომარეობიდან გამოვედი, ხელი მოვუქნიე. მე ამას ვაღიარებ და ამაზე მზად ვარ, პასუხი ვაგო. ამის იქით, არაფერი გამიკეთებია, ან ძალადობა ან შეურაცხყოფა. ხო არის კამერები, თუ სადმე დავფიქსირდები, რომ სადმე რამეს ზედმეტად ვაკეთებდი, მზად ვარ, პასუხი ვაგო. მე მხოლოდ აღელვებიდან გამომდინარე, ერთხელ მოვიქნიე ხელი. იქ ისეთი გამომწვევი სიტუაცია შეიქმნა, ავღელდი, მდგომარეობიდან გამოვედი. ძალადობას არ ვახორციელებ არავისზე და არც არავისთვის ვარ საშიში. ის, რომ ხალხთან ერთად ვიყავი, რამეს ვგეგმავდი, ვაშინებდი ვინმეს, ეს ტყუილია. ხელის გაქნევის გარდა, არაფერი მიქნია. პირიქით, ვამშვიდებდი. ქართველი ვარ, სამშობლო მიყვარს და ამ დროს პუტინის მონებოს გვეძახდნენ“, – განაცხადა ზაზა მჭედლიძემ.