სასამართლომ დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „რადიო თავისუფლების” უკრაინელ ჟურნალისტს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა.
საუბარია 2017 წელს დონეცკიდან გატაცებულ სტანისლავ ასეევზე, რომელსაც უკრაინული დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი.
თვითგამოცხადებული დონეცკის დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის განცხადებით, ასეევი სეპარატისტების შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას უარყოფით კონტექსტში აწვდიდა უკრაინულ მხარეს. მას ასევე ბრალი ედება უკრაინის სასარგებლოდ სხვა პირების გადაბირებაში.
სტანისლავ ასეევის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მოუწოდებს, ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.