„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატი კი 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენების შემთხვევაში, ვერ იქნება კანონის მიზნები მიღწეული, არის საფრთხე მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების. რაც შეეხება, რომ ბრალდებულმა ამ ფორმით გამოხატა პროტესტი, მოსამართლეს მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება, მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ.

პროცესზე მცირე სიტყვით გამოვიდა ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმია.

„დიახ, დამნაშავედ ვცნობ ჩემს თავს, რომ გავაკეთე…ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, რომ ჩემ გამო შეშინდნენ, სხვა არაფერი გზა იყო იქიდან გამომდინარე, რა განახორციელა ხათუნა გახოკიამ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ თამაზ მებონიას განცხადებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გირაოს მეშვეობით გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„მას სურდა, ბანკში შეჭრითა და მძევლად ხელში ჩაგდებით, ამ ქმედებით ეიძულებინა, მოეყვანა ბანკში ორი პირი, რომელთაც უნდა დაებრუნებინათ ვალი.  ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. იპოთეკარებისგან განაწყენებული იყო და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ასევე, არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდებული არ აღიარებს, არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. არსებობს ასევე მიმალვის საფრთხე, მამა იმყოფება საზღვარგარეთ, თვითონ არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვიდრე პროტესტის ამ უცნაურ ფორმას გამოიყენებდა, მას მანამდე მიემართა გამოძიებისთვის, ეს ის ადამიანია, რომელიც კანონს არ ცნობს. ბრალდებული გირაოს გამოყენების შემთხვევაში თავისუფლებაზეა და საფრთხეები კვლავ სახეზეა“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ წურწუმიას სურდა პროტესტის გამოხატვა საკუთარი დარღვეული უფლების გამო და ვერ გააცნობიერა, რას ნიშნავდა მისი ქმედებები.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ წურწუმიას პრობლემა ჰქონდა ხათუნა გახოკიძესთან, ადგილი არ ჰქონია მსგავს ქმედებას, რაზეც პროკურატურა მიუთითებს – დანაშაულის ჩადენაზე. ნიკოლოზ წურწუმიას აქვს გულის მანკი. მანამდე იყო საუბარი მათთან, უთხრეს, შენ ამ თანხას ვერ მიიღებო და ეს იყო ერთგვარი პროტესტის გამოხატვა. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც სთხოვა, რომ პედაგოგი იყო და გაკვეთილები ჰქონდა, ბანკიდან გაუშვა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორი იყო თვითონ დამოკიდებულება ამ პირთა მიმართ. მან ვერც გაიაზრა, რომ ეს ადამიანების მძევლად ხელში ჩაგდებას ნიშნავდა, უბრალოდ, მისი დარღვეული უფლების აღდგენა სურდა. როდესაც ვკითხე, რატომ არ მიმართე პოლიციას-თქო, მითხრა, მქონდა ეჭვი, რომ მას პოლიციაში ვიღაც ჰყავდა და ვერაფერს გავხდებოდიო. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვინდა, იმსჯელოს სასამართლომ. ნიკა წურწუმია რომ არ აცნობიერებდა, რა შედეგი მოყვებოდა, ეს არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. თუ ნიკა წურწუმია არ ცნობს კანონს, ის ეუბნებოდა, რომ პოლიციაში დაერეკათ“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 7 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.

ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი