ჟოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი, ასევე, დაკავებული ჟურნალისტები და აქტივისტები
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის, ასევე მასთან ერთად დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ. ნავალნის უფლებები უნდა იყოს სრულად და უპირობოდ დაცული. სამართლის პოლიტიზირება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც მისი დაბრუნების დროს დააკავეს“, – განაცხადა ბორელმა.
ჟოზეფ ბორელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა ექვს პირს, მათ შორის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც მომავალ კვირაში არის დაგეგმილი. როგორც ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული სანქციების დაწესება, თუ ასეთ გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის გამოძიებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ.
ამავე დროს, ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მხოლოდ ნავალნის მოწამლვის საკითხამდე დაყვანა ვერ მოხდება, რადგან აღნიშნულ ურთიერთობებს გააჩნია სხვა განზომილებებიც, რომლებზეც საჭიროა ევროკავშირის რეაგირება, მათ შორის მინსკის შეთანხმებები.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, ის „შერემეტიევოს“ აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს. მას პირობითი სასჯელის სისტემატური დარღვევა ედება ბრალად.