ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს
ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებული განცხადებისას ენტონი ბილინკენმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა დაძაბულობის განმუხტვისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პრევენციის მუდმივი ძალისხმევის ნაწილია/
„ძალიან ვაფასებ ამ შეკრების შესაძლებლობას. აქ მოვედი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ. ეს არის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი პარტნიორები იზიარებენ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, ყველა თანაბრად ერთგული ვართ დიპლომატიისა და დიალოგის მიმართ, რათა გადაწყდეს ჩვენი უთანხმოება. ჩვენ ასევე მზად ვართ, თუ ეს შეუძლებელი იქნება და რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მას ერთიანი და სწრაფი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრისგან „გარღვევას არ ელოდება“.
„ველოდებით პასუხებს ჩვენს კონკრეტულ შეთავაზებაზე. ველოდებით ასეთივე კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც შესაბამისობაშია იმ ვალდებულებასთან, რომლებიც მიღებულ იქნა ეუთო-ს ფარგლებში – არც ერთმა ქვეყანამ არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე. ძალიან მაინტერესებს, ამერიკა როგორ ინტერპრეტირებს ამ ვალდებულებებს და პრინციპებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.