ჟაკარე სოუზა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც COVID 19 დაუდგინდა
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლ ჟაკარე სოუზას კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრაზილიელს ხვალ ურაია ჰოლის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება ჩაიშალა.
კარგი ამბავი ის არის, რომ დანარჩენ 23 მებრძოლს, რომლებიც ხვალ UFC 249-ზე იღებენ მონაწილეობას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა სოუზას ინფიცირების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ღონისძიება ჯექსონვილში აუცილებლად შედგება. ამ ყველაფერს ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ფლორიდის გუბერნატორთან და ასევე შტატის ათლეტთა კომისიასთან შეთანხმებით ახორციელებს.
ESPN-ის ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოუზა ორ ინფიცირებულ გუნდელთან ერთად გადაყვანილია საკარანტინო ლოკაციაზე, სადაც ის მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.