დირკ ვიზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გვავიწყდება
დირკ ვიზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გვავიწყდება

შემიძლია, აღგითქვათ, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გვავიწყდება, – განაცხადა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„გასულ კვირას, გერმანიის ბუნდესტაგში გვქონდა დებატები და მათ შორის, ხაზი გაესვა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ეს არ უნდა მოხდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს და ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გერმანიის ბუნდესტაგში. მე შემიძლია, აღგითქვათ, რომ ჩვენ ეს არ გვავიწყდება“, – განაცხადა დირკ ვიზემ.

ამ განცხადებით დირკ ვიზემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუა არა გერმანიის ფედერალურ მთავრობაში საუბარი შტაინმაიერის გეგმის განხორციელებაზე და თუ არ იქნება, რატომ.

როგორც დირკ ვიზემ განაცხადა, ევროკავშირი ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც კიდევ და კიდევ დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ექნება თუ არა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები, დირკ ვიზემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი იქნება და მათ შორის, კრიტიკული, მწვავე შეკითხვები დაისმება.

„უახლოეს წლებშიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი. გასულ წლებში, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ არაერთი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი. ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე; მათ შორის – მოსამართლეთა განწესებაზე და მათ შორის, კრიტიკული და მწვავე კითხვები იქნება“, – განაცხადა დირკ ვიზემ.